აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა უარყო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება, რომ კელოგი მას რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დრონების იერიშების შეზღუდვაზე "მუშაობას" დაპირდა.
ამის შესახებ კელოგი X-ზე წერს.
"ეს ციტატა კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. ლუკაშენკოსთან საუბრისას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა განვიხილეთ. კიევის ნებისმიერ ქცევაზე შეზღუდვა მოსკოვის მხრიდან ანალოგიური ქმედების პირობით განიხილებოდა. უკრაინის მხრიდან ომის წარმოებაზე ცეცხლის სრული შეწყვეტის გარეშე არც ერთხელ კომენტარი არ გამიკეთებია". - წერს კელოგი.
მანამდე, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსადნრ ლუკაშენკო ირწმუნებოდა, რომ კელოგთან რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას უთხრა, რომ რუსეთს სურს, უკრაინამ მის ტერიტორიაზე იერიში არ მიიტანოს, ხოლო კელოგმა უპასუხა, რომ "ამაზე იმუშავებდნენ".
"ვლადიმირ პუტინს ამასთან დაკავშირებით ერთი ნათელი მოთხოვნა აქვს: "მათ (რედ. - დასავლეთმა) თავიანთ მორჩილს, ზელენსკის, უთხრან, რომ რუსეთზე იერიშები არ მიიტანოს. მაშინ, დავთანხმდებით". აი, ეს პოზიცია გავაცანი ამერიკელებს და ვამბობ, რა არის ამაში ცუდი? (რედ. - აშშ-ს წარმომადგენელმა) თქვა, რომ ამ მიმართულებით იმუშავებენ. ასე რომ, იმუშავეთ". - თქვა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ივნისში კელოგი ბელარუსში ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტით შეხვდა, რის შემდეგაც ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 14 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის, 2020 წელს დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი ტიხანოვსკი.





