გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანია საზღვაო ხომალდებს გაგზავნის არქტიკაში, რათა რეგიონში რუსულ სამხედრო აქტივობას წინააღმდეგობა გაუწიოს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 30 ივნისს თქვა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ატლანტიკისა და არქტიკის რეგიონებში საპატრულო ხომალდების მეშვეობით რუსეთს "თავს აჩვენებს".
"საზღვაო საფრთხეები იზრდება... რუსეთი არქტიკის მილიტარიზაციის პროცესშია. ჩვენ ვხედავთ რეგიონში მოქმედი რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობის ზრდას," თქვა პისტორიუსმა კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"უკვე წელსვე, გერმანია თავს გამოიჩენს ჩრდილოეთ ატლანტიკასა და არქტიკაში," დაამატა მან.
Telegraph-ის ცნობით, რუსეთი სამხედრო ძალების გაზრდას განაგრძობს არქტიკაში, სადაც ყინულქუდების ლღობამ ახალი საზღვაო მარშრუტები გააჩინა.
ამასთან, მოსკოვი აფართოებს ყინულმჭრელებისა და სატვირთო გემების ფლოტსაც, რის ფარგლებშიც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ივნისში განაცხადა, რომ რუსეთი, სულ მცირე, ხუთ ახალ ყინულმჭრელს ააშენებს.
პისტორიუსის თქმით, გერმანია "რეგიონში მოკავშირეებთან ერთად იმოქმედებს, და ჩვენ გეგმებით, გერმანიის სამხედრო-საზღვაო გემის პირველი საპორტო გაჩერება გრენლანდიის ქალაქი ნუუკი იქნება. შემდეგ ჩვენ, პირველად ისტორიაში, კანადის არქტიკულ წვრთნებში მივიღებთ მონაწილეობას."
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ მისი ქვეყანა წყალქვეშა ნავებს, საპატრულო გემებსა და ფრეგატებს რეგიონისადმი გერმანიის "ერთგულების" საჩვენებლად გაიგზავნება.
პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1-ელ ივლისს განაცხადა, რომ გერმანია დამატებით ზომებს იღებს, რათა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის რეგიონებში მოქმედ რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს" გაუმკლავდეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2022 წელს რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი შესამჩნევად გაიზარდა, რამაც, როგორც Politico წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გაგრძელებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, 1-ელი ივლისიდან გერმანიის ხელისუფლებამ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვაში მცურავი ნავთობმზიდი ტანკერების დაკითხვა დაიწყო მათი დაზღვევის შესახებ, რომელიც ნავთობით დაბინძურებისგან გამოწვეულ ზიანს ფარავს.
უწყების ცნობით, ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების დაზღვევა ხშირად გაურკვეველია, რადგან ისინი სანდო სადაზღვევო კომპანიებსა და ევროპულ პორტებს თავს არიდებენ.
"ჩვენი მიზანი ძალზე მკაფიოა: ჩვენ ვზრდით წნეხს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე და ვიცავთ ბალტიის ზღვას," განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.





