ქართული ოცნებამ მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში, რომლებიც რიგ დარღვევებზე, ქვეითებისა და ავტომობილების მძღოლებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს.
ცვლილებებით, მაყუჩის გადაკეთებისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება - მართვის მოწმობაზე კი მძღოლს 10-ის ნაცვლად, 30 ქულა მოაკლდება. ასევე, პოლიციელს უფლება ექნება, ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მართვას ჩამოაშოროს და მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.
აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელსაც გადაკეთებული აქვს საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი მისი კონსტრუქცია.
კანონპროექტი სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალის დაყენებასაც შეეხება. სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის ნებართვის გარეშე დაყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას. გარდა ამისა, მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულა გამოაკლდება.
ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა 2 500 ლარი იქნება, მოხდება ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და მძღოლს 20 ქულა გამოაკლდება.
გარდა ამისა, "დრიფტისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.
შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დაუმორჩილებლობის გამო, ქვეითისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრება - იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეითი მოძრაობის წესებს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე დაარღვევს, ამისთვის 100 ლარით დაჯარიმდება.





