მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ეკატერინბურგში ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს.
დაკავების დროს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებმა შიხლინსკის მანქანის შუშები დააზიანეს, ის მანქანიდან იძულებით გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. მასთან ერთად დააკავეს მისი შვილიც, რომელიც შემდეგ გაათავისუფლეს.
დაკავების ზუსტი მიზეზები უცნობია. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შიხლინსკი სვერდლოვსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხავენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც დაკავების მომენტია ასახული.
ამას გარდა, ვორონეჟში რუსი ძალოვნები შევიდნენ გავლენიანი აზერბაიჯანელი ბიზნესმენის, იუსიფ ხალილოვის სახლში. მას ამ რეგიონის უდიდესი ბაზრის მეწილეს უწოდებენ.
28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.





