გამოცემა Wall Street Journal უკრაინელ ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში ქალაქ სუმისთან 50 000 ჯარისკაცი განალაგა და ადგილზე რუსი ჯარისკაცების რაოდენობა უკრაინელებისას სამჯერ აღემატება.
WSJ წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა კურსკიდან უკრაინული ჯარი ძირითადად განდევნა, თავისი ძალები სუმისგან დაახლოებით 19 კილომეტრის დაშორებით განათავსა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთვარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთს თავისი რიცხობრივი უპირატესობით უკრაინის გამოფიტვა სურს.
"მათი ძირითადი სტრატეგიაა, რომ რაოდენობით გამოგვფიტონ". - თქვა სირსკიმ.
ამასთან, სირსკის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრონტის ხაზი 160 კილომეტრზე მეტით გაიზარდა და ამჟამად დაახლოებით 1 200 კილომეტრს მოიცავს. მისივე თქმით, რუსული ჯარი ფრონტის ხაზზე სხვადასხვა წერტილზე უკრაინის შესაძლებლობებს ცდის და სუსტ ადგილებზე ზეწოლას ცდილობს.
WSJ ასევე წერს, რომ ივნისის დასაწყისში უკრაინამ სუმისთან ვითარების დასასტაბილურებლად სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ელიტური დანაყოფები გააგზავნა, რის შედეგადაც სუმის მიმართულებით რუსული იერიში ძირითადად შეჩერდა და უკრაინამ ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა, თუმცა გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს უკრაინული ჯარისკაცებისთვის მათი რაოდენობის გამო მარტივი არ არის.
"მათი რიცხოვნობა ჩვენთვის დიდი პრობლემაა, თუმცა არა იმდენად, რომ გადაგვთელონ. მტერი რეგიონის გარშემო ყოველდღიურად 300-400 ადამიანს კარგავს, მაგრამ ამ დონის დანაკარგთან გამკლავება შეუძლიათ, რეზერვისტები გამოჰყავთ". - თქვა WSJ-სთან სპეცდანიშნულების რაზმების დანაყოფის, "ტიმურის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა.





