აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კანადამ Meta-სა და Alphabet-ის მსგავსი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ციფრული მომსახურების ახალი გადასახადი გააუქმა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული საგადასახადო კანონპროექტის გამო კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეწყვიტა.
"ციფრული მოსახურების გადასახადის გაუქმება მომლაპარაკებლებს საშუალებას მისცემს, მიაღწიონ მნიშვნელოვან წინსვლას გააძლიერონ ჩვენი ძალისხმევა, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ავაშენოთ კეთილდღეობა ყველა კანადელისთვის," დაწერა კანადის ფინანსთა მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა სოციალურ მედიაში.
27 ივნისს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ახალი გადასახადის დაწესების გამო აშშ კანადასთან ყოველგვარ სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტდა. ამასთან, ტრამპი კანადას ერთი კვირის განმავლობაში ახალი ტარიფების დაწესებითაც დაემუქრა.
კანადაში ახალი გადასახადი 30 ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში და ის 3%-იანი გადასახადის დაწესებას გულისხმობდა კომპანიის მიერ ერთი წლის განმავლობაში ციფრული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე, რომელიც 20 მილიონ კანადურ დოლარს გადააჭარბებდა.
"ახლახან შეგვატყობინეს, რომ კანადამ - ქვეყანა, რომელთან ვაჭრობაც ძალიან რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ფერმერებს რძის პროდუქტზე 400%-იან ტარიფს წლების განმავლობაში უწესებდნენ - ახლახან გამოაცხადა, რომ აწესებენ ციფრული მომსახურების გადასახადს ჩვენს, ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რაც არის პირდაპირი და უხეში თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე.
ისინი ცხადია, ჰბაძავენ ევროკავშირს, რომელმაც იგივე გააკეთა და ახლა ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ შოკისმომგვრელი გადასახადის საფუძველზე, ჩვენ კანადასთან ვაჭრობაზე ყველანაირ საუბარს ვწყვეტთ, რაც ძალაში ამავე წამიდან შევა. ჩვენ შემდეგ შვიდ დღეში კანადას შევატყობინებთ ტარიფს, რომელსაც გადაიხდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესსაქმიანობისთვის." - დაწერა ტრამპმა.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის პოსტის შემდეგ, კანადურმა ბიზნესებმა და პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მთავრობას გადასახადის გაუქმებისკენ.





