რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგიაში ანტიისრაელელმა აქტივისტებმა უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტექნიკა დააზიანეს

Ciara Carolan

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში 100-ზე მეტი ანტიისრაელელი აქტივისტი ადგილობრივი კომპანიის ანგარში შეიჭრა და უკრაინისთვის მისაწოდებლად გამზადებული $1.1 მილიონზე მეტის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა დააზიანა, რადგან ეგონათ, რომ ჯავშანტექნიკა ისრაელის არმიისთვის იყო განკუთვნილი.

მოძრაობა "შეწყდეს ისრაელის შეიარაღების" აქტივისტები ბელგიის ქალაქ ტურნეში მდებარე კომპანია OIP Land Systems-ის ანგარში 23 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 4:50 საათზე, შეიჭრნენ, სადაც ჯავშანტექნიკა ჩაქუჩებისა და საღებავების მეშვეობით დააზიანეს, მათი ფანჯრები კი ჩაამსხვრიეს. 

თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი და არა - ისრაელის არმიისთვის. 

გამოცემა Israel Hayom-ის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია უკრაინას ჯავშანტექნიკით 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ამარაგებდა, როცა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა. 

OIP Land Systems კომპანია OIP Sensor Systems-ის შემადგენლობაშია, რომელიც, თავის მხრივ, ისრაელური Elbit Systems-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. 

კომპანიის პრეზიდენტმა, ფრედი ვერსლუისმა განმარტა, რომ კომპანია "ისრაელს არაფერს ყიდის. ვანდალები ანგარში შევიდნენ და დიდი რაოდენობის აღჭურვილობა დააზიანეს. ერთადერთი ზიანი, რაც გამოიწვიეს, ისაა, რომ უკრაინას მანქანები ერთი თვის დაგვიანებით მიეწოდება." - თქვა კომპანიის პრეზიდენტმა. 

ბელგიური გამოცემა Brussels Signal კომპანიის პრეზიდენტზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ აქტივისტებმა ჯავშანტექნიკის გარდა მათი კომპიუტერებიც დააზიანეს. გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კომპანიამ უკრაინას 260-მდე ჯავშანტექნიკა მიაწოდა. 

ამის მიუხედავად, ბელგიური გამოცემის ინფორმაციით, ანტიისრაელური მოძრაობის აქტივისტები ამტკიცებენ, რომ Elbit-თან ნებისმიერი სახის კავშირი გულისხმობს, რომ ბელგიური OIP Land Systems ისრაელის არმიის ქმედუნარიანობის მხარდაჭერაშია ჩართული.

"Elbit ღაზაში გენოციდის ინდუსტრიული შტოა," ამტკიცებს ერთ-ერთი აქტივისტი.

ვერსლუისი კი ამბობს, რომ მის კომპანიას ისრაელისთვის თავდაცვითი სისტემები 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ დაუმზადებია. მეტიც, მისი თქმით, კომპანია ისრაელში შეიარაღების ექსპორტისთვის ლიცენზიაც კი არ ფლობს. 

კომენტარები