აშშ-ჰონ-კონგი

აშშ-ს საკონსულო ჰონ-კონგში: ვგმობთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ჩახშობას

REUTERS/Tyrone Siu

ჰონ-კონგში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებას აშშ "ჩახშობად" აფასებს.

გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, ჰონ-კონგის განათლების ბიურომ სკოლებში გაფრთხილება გაგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში მონაწილე მოსწავლეებმა შესაძლოა დაარღვიონ ჰონ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონი. 

განათლების ბიურომ მედიას განუცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა "სკოლების ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია".

"სკოლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, გააძლიერონ მასწავლებლებისა და მოსწავლეების მგრძნობელობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მიმართ". - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

ბიურომ არ დაადასტურა, ჰქონდა თუ არა გაცემული გაფრთხილება კონკრეტულად აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

"ვგმობთ ჰონ-კონგის მთავრობის მცდელობებს ჩაახშოს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და ჩაერიოს აშშ-ს საკონსულოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მათი მცდელობა, მსგავსი აქტივობები "უკანონოდ" შეაფასონ, მხოლოდ ავლენს მათ შიშს თავისუფლების წინაშე". - განაცხადა აშშ-ს საკონსულომ ჰონ-კონგში.

საკონსულოს განცხადებით, ივლისის დასაწყისში ჰონ-კონგში კერძო მიღება ჩატარდება, რომლის მიზანიც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და "ჰონ-კონგისა და აშშ-ს ხალხებს შორის ხანგრძლივი მეგობრობის გაღრმავება" იქნება.

ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც დესტაბილიზაციისა და უცხო ძალებთან თანამშრომლობის გამო სასჯელს ითვალისწინებს, ჩინეთმა ჰონ-კონგზე 2020 წელს გაავრცელა.

კომენტარები