უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის თქმით, პოლონეთში, ჟეშუვის აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა სცადეს. მისი თქმით, აეროპორტში მკვლელობას სამხედრო ვეტერანი ამზადებდა.
მალიუკის განმარტებით, რუსეთმა ათობით წლის წინ გადაიბირა ომის ვეტერანი პოლონეთიდან, რომელსაც ერთგულად სწამდა საბჭოთა იდეის, ახლა კი ის "გააქტიურა".
"დავალება ასეთი იყო: პრეზიდენტი ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია ჟეშუვის აეროპორტში. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის, ერთ-ერთი FPV ტიპის დრონი, მეორე კი სნაიპერული კომპლექსი". - თქვა მალიუკმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, СБУ-ს თანამშრომლებმა მკვლელობის მცდელობა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად აღკვეთეს.
გარდა ამისა, მალიუკმა ზელენსკის მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა გაიხსენა – გასულ წელს СБУ-მ დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკები, რომლებიც პრეზიდენტის მკვლელობას ФСБ-ს დავალებით ამზადებდნენ.





