რუსული რეჟიმი

კობახიძე გახარიაზე: ასე სამარცხვინოდ გაქცევა შეფასებასაც არ საჭიროებს

კადრი ვიდეოდან / ტვ იმედი

ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარია გაურბის კომისიაზე კითხვებზე პასუხის გაცემას და ამიტომ ითხოვს დისტანციურ რეჟიმს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ გახარია ქვეყნიდან რამდენიმე კვირითაა წასული.

"მე ვერ გეტყვით. მე ზოგადად მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმას, ასე ვთქვათ, დიალოგისთვის, თუმცა მე მგონია, რომ სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს, მაგრამ თუ მართალია მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა." - თქვა კობახიძემ.

ივანიშვილის წარმომადგენელი ქვეყნიდან გახარიას რამდენიმე კვირით წასვლას "სამარცხვინოდ გაქცევას" უწოდებს.

"როდესაც მე ვიცი, რომ, წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევა საგამოძიებო კომისიიდან არის, რა თქმა უნდა, ნუ შეფასებაც არ სჭირდება ამ ყველაფერს. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებდა. რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. ჩემთვის, ზოგადად, სურათი არის დღესავით ნათელი. ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს." - განაცხადა მან. 

კობახიძემ ასევე თქვა, რომ გახარიას დაიჭერენ თუ არა, ეს სამართალდამცავი უწყებების გადასაწყვეტია. 

"მე ვერავის ვერ დავიჭერ. რაც შეეხება ადამიანის დაჭერას, არდაჭერას, ასეთ საკითხებს. ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ." - უთხრა კობახიძემ მედიას.

ცნობისთვის, გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედაა დაბარებული. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება. პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, გიორგი გახარია მზადაა ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ წარსდგეს, თუმცა ის საზღვარგარეთ იმყოფება, დისტანციურ რეჟიმზე კი კომისია უარს აცხადებს.

კომენტარები