აშშ

სასამართლოს გადაწყვეტილებით აშშ-ში პროპალესტინელი აქტივისტი მაჰმუდ ხალილი გათავისუფლდა

20 ივნისს კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მაჰმუდ ხალილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლუიზიანას იმიგრანტთა დაკავების ცენტრიდან გათავისუფლდა.

"სამართლიანობამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან დაგვიანებული იყო. პროცესი სამი თვე არ უნდა გაგრძელებულიყო". - თქვა ხალილმა გათავისუფლების შემდეგ.

აქტივისტი 8 მარტს საუნივერსიტეტო საცხოვრებელში საიმიგრაციო სამსახურმა დააკავა. ის პალესტინის მხარდამჭერ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემონსტრაციები ანტისემიტურად შეაფასა და პირობა დადო, რომ საპროტესტო ღონისძიებებში მონაწილე უცხოელი სტუდენტების დეპორტაციას მოახდენდა.

"არსებობს ეჭვი, რომ იმიგრაციის სამართლებრივი მუხლი გამოიყენეს მოპასუხის დასასჯელად". - თქვა ნიუ ჯერსის ფედერალურმა მოსამართლე მაიკლ ფარბიარზმა. მისი თქმით, პირის დასჯა სამოქალაქო იმიგრაციის სამართლის საფუძველზე არაკონსტიტუციურია.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აბიგეილ ჯექსონმა განაცხადა, რომ ხალილის გათავისუფლება არაკანონიერია და ის დეპორტაციას ექვემდებარება.

"ნიუ ჯერსის მოსამართლეს არ აქვს იურისდიქცია ლუიზიანაში დაკავებულ პირებზე". - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ლუიზიანის საიმიგრაციო მოსამართლემ ხალილს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი უთხრა, თუმცა საქმე დასრულებული არ არის და მოსამართლე ფარბიარზი ხალილის შესაძლო დეპორტაციის შეჩერებას კონსტიტუციური საფუძვლით განიხილავს.

ცნობისთვის, მაჰმუდ ხალილი, აშშ-ს ლეგალური მუდმივი მაცხოვრებელია, ხოლო მისი ცოლი და შვილი ამერიკის მოქალაქეები არიან.

კომენტარები