ტრამპის ადმინისტრაცია

NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ VOA-ს 600 თანამშრომელი დაითხოვა

ამერიკის ხმა ვაშინგტონში

New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 20 ივნისს ამერიკის ხმის (VOA) 600 თანამშრომელი დაითხოვა და გამოცემის პერსონალი 200 ადამიანამდე შეამცირა. 

გამოცემის თანახმად, VOA-ს ჟურნალისტები და გამოცემის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც პერსონალის შემცირების შესახებ შეტყობინებები მიიღეს, 1 სექტემბრამდე ანაზღაურებად შვებულებაში იქნებიან. 

NYT წერს, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ VOA-ს სპარსულენოვან სამსახურში რამდენიმე თანამშრომელი აღადგინა, თუმცა 20 ივნისს მათგან, სულ მცირე, ორმა პირმა სამსახურიდან დათხოვის შესახებ შეტყობინება ასევე მიიღო. 

16 მარტს თეთრმა სახლმა ამერიკის ხმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას "რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადამხდელთა ფული აღარ დაიხარჯოს რადიკალური პროპაგანდის დაფინანსებაში".

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილია ამერიკის ხმის მიმართ უკანასკნელ წლებში გამოთქმული პრეტენზიები, მათ შორის, მოყვანილია სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან შეგროვილი ციტატები, რომლებიც VOA-ს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ VOA-ში 34 წლის განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტმა და მისმა ყოფილმა თეთრი სახლის კორესპოდენტმა გასულ წელს დაწერეს, რომ სააგენტო უკონტროლო ორგანიზაციად გადაიქცა, "რომელიც ხშირად გამოხატავს მემარცხენე მიკერძოებულობას და ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას როგორც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევებზე, ისე მენეჯმენტის პრობლემებზე".

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მედიის თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.

29 მარტს აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა, დაეხურა ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული 80 წლის საერთაშორისო სამაუწყებლო სერვისი ამერიკის ხმა (Voice of America) და მცდელობას "გადაწყვეტილების თვითნებურად და კაპრიზულად მიღების კლასიკური შემთხვევა" უწოდა. 

22 აპრილს ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რადიო ამერიკის ხმისა და მისი თანამშრომლების აღდგენა დაავალა. თუმცა, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ მოსამართლის გადაწყვეტილება შეცვალა და ადმინისტრაციას VOA-ს თანამშრომლების გათავისუფლების გაგრძელების საშუალება მისცა. 

კომენტარები