საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს, საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
როგორც ჰერჩისნკი ამბობს, EU-ს მინისტრები სამ საკითხს განიხილავენ - "ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, სანქციების შესაძლო შემოღებას და უვიზო მიმოსვლას".
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზეგ, 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს არის მათი ყოველთვიური საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, და ისინი კვლავ განიხილავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ რაც სურთ.
ზუსტად არ ვიცი რა იქნება დღის წესრიგში, მაგრამ მომზადების ეტაპზე, დაბალ დონეზე - ელჩების დონეზე - გამართული დისკუსიებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით წევრი სახელმწიფოები სამ საკითხს განიხილავენ:
პირველი საკითხია: ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასა და დემონიზაციაზე, რაც ხდება საქართველოში და, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ხორციელდება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ.
მეორე საკითხია: ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შესაძლო სანქციების შემოღება.
მესამე საკითხია: უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის საკითხი, რომელიც ქართველებისთვის მოქმედებს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა.
მაგრამ უნდა დაველოდოთ ორშაბათს, და გთხოვთ, ეს კითხვები ორშაბათს ლუქსემბურგში დაუსვათ უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტს". - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ტვ პირველის ცნობით.





