თურქეთი-სომხეთი

ერდოღანმა და ფაშინიანმა სტამბოლში შეხვედრა გამართეს

Mustafa Kamacir, Presidential Press Office via REUTERS

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სტამბოლში შეხვდა.

ოფიციალური შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სასახლეში ერდოღანის სამუშაო ოფისში გაიმართა

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთისა და თურქეთის დელეგაციები, მათ შორის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი. 

შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა X-ზე დაწერა, რომ ერდოღანთან, მათ შორის, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია განიხილა. 

"პრეზიდენტ ერდოღანთან სტამბოლში სიღრმისეული საუბარი მქონდა. განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესი, რეგიონული მოვლენები და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენების ერთგული რჩება". - წერს ფაშინიანი. 

გუშინ, 19 ივნისს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ეს "ისტორიული ვიზიტი" იქნებოდა და ყველა რეგიონული საკითხი იქნებოდა განხილული. 

"ეს ისტორიული ვიზიტია, რამდენადაც ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის მეთაური თურქეთს ამ დონეზე ეწვევა. ყველა რეგიონული საკითხი განხილული იქნება. [აზერბაიჯანთან] ომის რისკები მინიმალურია, მაგრამ მათი ნეიტრალიზებისთვის უნდა ვიმუშაოთ. თურქეთში ფაშინიანის ვიზიტი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია". - თქვა სიმონიანმა. 

AFP-სთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირმა თქვა, რომ ფაშინიანი და ერდოღანი ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ძალისხმევასა და ირან-ისრაელის კონფლიქტს განიხილავდნენ. 

კომენტარები