რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ თქვა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში უკრაინისგან დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის განადგურებას მოითხოვს.
ამის შესახებ გრუშკომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან, Известия-სთნ საუბრის დროს ილაპარაკა.
მედიამ გრუშკოს ჰკითხა, მოითხოვს თუ არა რუსეთი უკრაინისგან, რომ დასავლეთისგან მიწოდებული შეიარაღება გაანადგუროს
"რასაკვირველია, ეს უნდა განადგურდეს. ყველა საერთაშორისო ალგორითმი ცნობილია. ის (რედ. - იარაღი) უნდა შემცირდეს, გადაიყაროს, ამასთან, გარანტირებულად". - თქვა გრუშკომ გამოცემასთან საუბრისას.
გარდა ამისა, გრუშკო ასევე იმეორებს რუსულ პროპაგანდას და ირწმუნება, რომ უკრაინა დასავლეთისგან მიწოდებულ იარაღს შავ ბაზარზე ყიდის, რაც დასავლეთს საფრთხეს უქმნის.
"გასაოცარია იმ პოლიტიკური მოღვაწეების უგუნურება, რომლებიც ბაზარზე შეიარაღების ტყორცნას განაგრძობენ". - ირწმუნება გრუშკო.
2 ივნისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, სადაც რუსულმა მხარემ წინა დღეებში შეპირებული "მემორანდუმი" წარადგინა, რომელშიც ისინი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინისგან მაქსიმალისტური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.
"ამას მემორანდუმს ვერ დავუძახებთ," თქვა ზელენსკიმ: "ეს ულტიმატუმია, რომლის თავსმოხვევასაც რუსეთი ჩვენზე ცდილობს".
"ჩვენ მზად ვართ პატიმრების გასაცვლელად, მაგრამ უაზრო მგონია სტამბოლში დიპლომატიური შეხვედრების გაგრძელება, რომლებიც არაფერს აგვარებს".
თავის მხრივ, პუტინმა უკრაინულ მხარეს რუსეთში სარკინიგზო ხაზებზე იერიშების მიტანით "მოლაპარაკებების პროცესის" ჩაშლაში დასდო ბრალი. მისი თქმით, უკრაინა "ტერორისტული აქტების" მოწყობაზე გადაერთო იმ ფონზე, როცა უკრაინას ბრძოლის ველზე "დიდი დანაკარგები აქვს" და "უკან იხევს".
მოგვიანებით, ვლადიმირ პუტინმა 4 ივნისს უარყო უკრაინის მოწოდებები დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასა და უმაღლეს დონეზე სამიტის გამართვის შესახებ.





