კანადაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა აშშ-უკრაინას შორის ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება. ზელენსკის გარდა ტრამპი ასევე აპირებს შეხვდეს მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს და კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნის.
G7-ის სამიტი კანადაში 15-17 ივნისს იმართება. უკრაინის პრეზიდენტი სამიტს სტუმრის სტატუსით ესწრება.
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ბოლოს 26 აპრილს ვატიკანში, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე შეხვდნენ.
14 ივნისს კი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. სატელეფონო ზარი 50 წუთი გაგრძელდა.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, თუმცა "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანზე სალაპარაკოდ – ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს".
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. გაცილებით ნაკლები დრო დაიხარჯა რუსეთ/უკრაინაზე საუბარში, თუმცა ეს შემდეგ კვირას იქნება". - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სატელეფონო ზარი "დაახლოებით 1 საათი" გაგრძელდა.
"ის ფიქრობს, როგორც მე, რომ ეს ომი, ისრაელსა და ირანს შორის, უნდა დასრულდეს, რაზეც მე მას ვუპასუხე, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს". - თქვა ტრაპმა.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, პუტინი ტყვეთა გაცვლის შეთანხმების აღსრულების მხრივ, წინ მიიწევს.
აშშ-ს პრეზიდენტს პუტინთან სატელეფონო ზარის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.





