უახლესი მონაცემებით, 16 ივნისის ღამით ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
დაღუპულებს შორის 4 პეტახ ტიკვაში, 3 ხაიფაში, ერთი კი - ბნეი-ბრაკში დაიღუპა.
ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომლებიც ცენტრალური ისრაელისა და ხაიფას ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) უახლესი სტატისტიკით, 13 ივნისიდან დღემდე ირანის იერიშების შედეგად ისრაელში 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ირანმა ისრაელის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 350 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა უმეტესობა ისრაელმა ჩამოაგდო.
IDF-ის მიხედვით, ირანის იერიშის ტალღები დაახლოებით 30-40-ობით ბალისტიკურ რაკეტას მოიცავს.
ცნობისთვის, ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.
მანამდე, 13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.





