რუსეთი-ისრაელი

ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში პუტინმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის იერიშები დაგმო

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ირანის პრეზიდენტ, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრები გამართა.

ფეზეშქიანთან საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთი გმობს ისრაელის მოქმედებებს, რომლებიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა".

პუტინმა ირანის ხელისუფლებასა და ხალხს "ისრაელის იერიშებით გამოწვეული დიდი მსხვერპლის გამო" მიუსამძიმრა.

"ისრაელის პრემიერმინისტრთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების პროცესთან დაბრუნებისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით გადაჭრის აუცილებლობას და გამოხატა შუამავლობის მზადყოფნა, რათა თავიდან იქნას აცილებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია". - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა. 

კომენტარები