ავიაკატასტროფა ინდოეთში

ინდოეთში Air India-ს თვითმფრინავი ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 204 ადამიანია დაღუპული

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 204 ადამიანია დაღუპული.

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილია 41 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია 204 გარდაცვლილიდან რამდენი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რამდენი ემსხვერპლა კატასტროფას ჩამოვარდნის ადგილზე.

Air India-ს მფლობელი კომპანიის Tata Group-ის განცხადებით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით დაახლოებით 86 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისთანავე განიცადა და ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 ბრიტანეთის, 7 პორტუგალიის ერთი კი კანადის.

აფეთქების შემდეგ, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც აეროპორტთან ახლოს ძლიერი კვამლი ჩანს და დაშავებულები საკაცეებით გადაჰყავთ.

მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში კი ქალი ამბობს, რომ მისი შვილი "თვითმფრინავის ილუმინატორიდან გადმოხტომის შედეგად გადარჩა".

კომენტარები