თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შემოდგომიდან საქართველოში 18-დან 30 წლამდე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომლითაც, მისივე განცხადებით, ბარათის მფლობელებს ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებები ექნებათ.
"მალე, საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი, ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით ძალიან აქტიურად გამოიყენება და მასში 9 მილიონამდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურისა და გართობის სერვისებზე. ამისთვის, ბარათი მის მფლობელებს ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას სთავაზობს [...] ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება". - თქვა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ბარათის აღების შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი და ამისთვის თბილისის მერიამ და საქართველოს ბანკმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.





