10 ივნისს ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის, სულ მცირე, შვიდი სტუდენტია. ამასთანავე, ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF წერდა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ავსტრიულ მედიას პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ თავდამსხმელი სკოლის სტუდენტი იყო.
მედიის ცნობით, პოლიციამ ადგილობრივი დროით 10:00 საათზე სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ცნობები, რომ Dreierschützengasse-ის სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები ისმოდა.
გრაცი ავსტრიაში სიდიდით მეორე ქალაქია და დედაქალაქ ვენიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.





