9 ივნისს რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა დაიწყო, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების ფარგლებში არის შეთანხმებული.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი განცხადებებს ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გაცვლა მომდევნო დღეების განმავლობაში "რამდენიმე ეტაპად" განვითარდება.
"უკრაინელები რუსული ტყვეობიდან სახლში ბრუნდებიან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც მომდევნო დღეებში რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება... პროცესი საკმაოდ რთულია, მრავალი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღე მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ სტამბოლში შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ჰუმანიტარულ საკითხებზე ბოლომდე იქნება რეალიზებული. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ყველა დავიბრუნოთ. ამისთვის ყველა დონეზე ვმუშაობთ". - წერს ზელენსკი.
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის თანახმად, გათავისუფლებული უკრაინელების საბოლოო რიცხვი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროცესის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.
შტაბის თანახმად, გაცვლის ამ ეტაპზე ტყვეობიდან 25-წლამდე ახალგაზრდა სამხედროები თავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მათ განიხილეს უკრაინის შეთავაზება, რომ ივნისის დასასრულს ლიდერების შეხვედრა შედგეს.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის.





