8 ივნისს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ სამხრეთ ღაზაში გვირაბიდან ამოყვანილი ცხედარი ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის მეთაურს, მუჰამად სინვარს ეკუთვნის.
ეს განცხადება გაკეთდა იმავე დღეს, როდესაც The Times of Israel-მა მოინახულა ის გვირაბი, სადაც ტერორისტი მეთაური მოკლეს. მედია-ტური ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულ გვირაბს ჰამასი 7 ოქტომბერს მეთაურობისა და კონტროლის ერთ-ერთ ცენტრად იყენებდა.
სინვარი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორის, იაჰია სინვარის ძმაა, 13 მაისს საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს, როცა ის ხან იუნისში, ევროპული ჰოსპიტლის ქვემოთ არსებულ გვირაბში იმალებოდა - იტყობინება ისრაელის არმია.
IDF-ის ცნობით, ერიშს მუჰამად სინვართან ერთად ჰამასის კიდევ ოთხი მებრძოლი ემსხვერპლა, მათ შორის რაფაჰის ბრიგადის მეთაური, მუჰამად შაბანა და სამხრეთ ხან იუნისის ბატალიონის მეთაური, მაჰდი კარა. ორი სხვა ცხედარი ამ დროისთვის კვლავ იდენტიფიცირების პროცესშია.
გვირაბი 8 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, სადაც ჰამასის მეთაურები იმალებოდნენ. გამოცემა წერს, რომ ეს გვირაბი უზარმაზარი მიწისქვეშა ქსელის ნაწილი იყო, რომელიც ჰამასის რაფაჰისა და ხან იუნისის ბრიგადებს აკავშირებდა. ისრაელის სამხედროებმა გვირაბის ორი მონაკვეთის დაბომბვით მათ შორის მყოფი ლიდერები ჩაკეტეს.
IDF-ის განცხადებით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ჰოსპიტლის კომპლექსის გარეთ მდებარე გვირაბის მონაკვეთებზე, რის შემდეგაც ჰოსპიტალი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა ფუნქციონირებას.
არმიის ინფორმაციით, ჰამასის მებრძოლები ნანგრევებში ასფიქსიით დაიღუპნენ.
გამოცემა წერს, რომ ჰოსპიტალი მდებარეობს ხან იუნისის იმ ნაწილში, სადაც ისრაელის სამხედროები მხოლოდ გასულ კვირას შევიდნენ რის შემდეგაც, მათ სამედიცინო კომპლექსზე კონტროლი დაამყარეს. პერსონალმა და პაციენტებმა ტერიტორია ჯარების მისვლამდე დატოვეს.
"უკვე პირველივე ვიდეოკადრებიდან მივხვდით, რომ ეს ცხედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი სერიოზული ფიგურები იყვნენ ორგანიზაციაში" - განაცხადა გოლანის სადაზვერვო ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა.
The Times of Israel წერს, რომ ჰოსპიტლის გარეთ, რომელიც დიდწილად დაუზიანებელია, მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ "ტერორისტები, რომლებსაც გავუსწორდით, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის იარაღი და დაზვერვის მონაცემები, რაც ამ გვირაბიდან ამოვიღეთ".
"ჩვენ ვიპოვეთ სამხედრო ბაზა ჰოსპიტლის ქვეშ. ეს ფაქტია. სხვანაირად ვერ ვიტყვით" - აღნიშნა მან.
მეთაურის თქმით, იქ აღმოჩენილ სადაზვერვო ინფორმაციას პირდაპირი გავლენა ჰქონდა მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებზე, რომლებიც საავადმყოფოდან ორ კილომეტრში მიმდინარეობს.
„ჩვენ ასევე ვიპოვეთ ინფორმაცია ტყვეებზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვართ აქ ყველანი,“ — თქვა მეთაურმა.
IDF-მა ისრაელელი და საერთაშორისო ჟურნალისტები ევროპული საღსრებით აშენებულ ჰოსპიტალთან მიიყვანა, რათა მათთვის ჰამასის გვირაბი ეჩვენებინა.

"ეს იყო ერთ-ერთი მეთაურობისა და კონტროლის ცენტრი, რომელსაც ჰამასი 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ღაზას საზღვრისპირა დასახლებებზე იერიშის მისატანად, მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და მკვლელობებისთვის, იყენებდა" - თქვა IDF-is სპიკერმა, ეფი დაფრინმა გვირაბის შესასვლელთან, რომელიც რამდენიმე მეტრში მდებარეობს ევროპის ჰოსპიტლისგან.
"ჰამასი ცინიკურად იყენებს ჰოსპიტლებს - შეგიძლიათ თავად ნახოთ, რაში იხარჯებოდა ევროპული ფული" - დასძინა მან.
The Times of Israel წერს, რომ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანებები შეინიშნებოდა, რომლებიც შენობას ისრაელის ძალებსა და მცირე ტერორისტულ ჯგუფებს შორის ბრძოლების შედეგად მიადგა.
გოლანის ქვედანაყოფის მეთაურის თქმით, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შეტაკება მოხდა შვიდ ტერორისტთან, რომლებიც ისრაელის საზღვრისპირა დასახლებებზე რაკეტების გასროლას ცდილობდნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, შენობები ძირითადად უვნებელია და IDF თვლის, რომ მათი გამოყენება ოპერაციის დასრულების შემდეგ კვლავ შესაძლებელი იქნება.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებს გვირაბში ჩასვლის საშუალება მიეცათ, სადაც მათ მატრასებითა და ტანსაცმლით სავსე, ტერორისტების საცხოვრებელი ოთახი ნახეს.

გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, გარკვეული დროის განმავლობაში ჰამასი მძევლების ნაწილს ამ გვირაბში მალავდა.





