აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი

ბარციცი: აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება უტოპიაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი
Ria Novosty

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ს ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას ოჩამჩირეში მშენებარე რუსული ბაზის შესახებ ასე უპასუხა:

"რეალურად ოჩამჩირეში უკვე ფუნქციონირებს შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო გემებისთვის განკუთვნილი სადგომი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღევანდელი რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს იქნება დამატებითი ფაქტორი, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების სტანდარტების გამყარებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება თარიღებს, მუშაობა უკვე დაწყებულია, მოგვიანებით გავიგებთ კონკრეტულ თარიღებს". 

ამაზე პასუხად ინტერვიუერმა თქვა, რომ მსგავსი ბაზების გახსნას დასავლეთი და საქართველო აფხაზეთს მილიტარიზმში დაადანაშაულებს. 

"ჩვენ უკვე ძალიან მყარი იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ მსგავს განცხადებებზე. ნებისმიერი ინიციატივას, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთქმედების სიბრტყეში ხორციელდება, მსგავსი შეფასებები ეძლევა.

მოკლედ გიპასუხებთ, მათ (შეფასებებს) არანაირი გავლენა არ აქვს. ჩვენ საკუთარ ლოგიკას მივყვებით და რუსეთთან მიმართებით აღებული ვალდებულებების ერთგულები ვართ. ამიტომ, მივყვებით ჩვენს გზას, მიუხედავად ამ პროცესისთვის ხელის შეშლის მცდელობებისა". – პასუხობს ბარციცი.

მარიონეტული რეჟიმის ახლადდანიშნულმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ ახლო მომავალში თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის:

"რა თქმა უნდა აღიარებები იქნება. ჩვენი რუსი კოლეგების დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მიგვაჩნია, რომ დრო ჩვენს მხარეს არის. ჩვენი საქმიანობის ამ ასპექტში მიზანმიმართულები და პროფესიონალები ვართ. დღეს ვიღებთ ნიშნებს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ ჩვენთა დიალოგის ინტერესი არსებობს".

ჟურნალისტმა ასევე იკითხა, თუ რატომ ვერ გახდა აქამდე შესაძლებელი, ცეცხლის გამოუყენებლობის შეთანხმების დადება თბილისთან.

"ეს იმის შედეგია, რომ დღემდე საქართველოს ხელისუფლებას ფანტომური ტკივილები აქვს. ქართული ისთებლიშმენთის მნიშვნელოვან ნაწილს აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების სურვილი რჩება. ეს ხომ უტოპია არის. საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების ნაწილი ამას იაზრებს, მაგრამ ხმამაღლა საუბარი ამ საკითხზე არ შეუძლია.  

ბოლო დროს საქართველოდან გვესმის სრულიად განსხვავებული რიტორიკა. მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან ბოდიში მოუხადონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, ეს ნათქვამი, რომ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს, საჭიროა რეალური ნაბიჯების გადადგა. ასეთ ნაბიჯი შეიძლება იყოს სამხედრო ძალის არ გამოყენების შეთანხმება. აი ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთნდობის გამყარებას შეუწყობდა ხელს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებელია დღევანდელი რეალობისთვის თვალის გასწორება. არ შეიძლება წარსულით ცხოვრება და ახალი თაობისთვის ყალბი მიდგომების გადაცემა. საჭიროა თანამედროვე რეალობის მიღება. აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც საკუთარ პოლიტიკას თავად აშენებს და ამ გზიდან არ გადაუხვევს".

მაღალი თანამდებობის პირებში, რომლებიც "მზად არიან ბოდიში მოუხადონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს" მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილსაც გულისხმობდეს, რომელმაც 2024 წელს, წინაასაარჩევნო მიტინგზე ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა.

"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები." - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები