აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით "დამამძიმებელი" სანქციების დაწესების კანონპროექტი მზადაა.
"ლინდსი გრემს ველაპარაკე ამ შაბათ-კვირას და მჯერა, რომ ასეა, მზად არის. მას "2025 წლის რუსეთის დასანქცირების აქტი" ჰქვია და ვფიქრობ, მას გამზადებული აქვს და მზადაა მისაღებად." - თქვა კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში.
"ეს [სანქციები] საკმაოდ დამამძიმებელია, თუ შეხედავთ... 500%-იან ტარიფს ნავთობპროდუქტებზე... რუსეთი ნავთობსახელმწიფოა, ფულის დიდი ნაწილი ნავთობქიმიკატებიდან შესდით და ამას უმიზნებენ," - დაამატა მან.
1-ელ აპრილს აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს. ამჟამინდელი მონაცემებით, 100-წევრიან სენატში აღნიშნული კანონპროექტის თანასპონსორი სენატორების რაოდენობა 82-ს აღწევს.
რესპუბლიკელი ლინდსი გრემისა და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენთალის თქმით, კანონპროექტით პირველადი და მეორადი სანქციები დაწესდება რუსეთისა და უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ თუ მოსკოვი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, ან წამოიწყებს მორიგ ძალისხმევას, რომლის მიზანიც სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა იქნება.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი იმპორტზე 500%-იან ტარიფებს გულისხმობს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ან გაზს ყიდულობენ, თუკი რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებებს შეაფერხებს ან მომავალში უკრაინის სუვერენიტეტს ძირს გამოუთხრის.
30 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის თანაავტორი სენატორები, გრემი და ბლუმენთალი, კიევშიც ჩავიდნენ, სადაც ლინდსი გრემმა ყველა ევროპელ მოკავშირეს მოუწოდა, რომ "ნავთობის ფასი შეამცირონ, რათა პუტინის წიაღისეულის საწვავის ეკონომიკას სირთულეები შეუქმნან - გაზარდონ OPEC-ის წარმოება და ფასები შეამცირონ."
3 ივნისს კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ძალისხმევას მხარდაჭერა გამოუცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმაც.
"მრავალი კონგრესმენია, რომელსაც უნდა, რომ რუსეთი რაც შეიძლება ძლიერად დავასანქციროთ და მე ამის მომხრე ვარ," უთხრა ჯონსონმა რეპორტიორებს.





