გელა მთივლიშვილი

კლინიკაში გამოკვლევების თანხის გადახდისას გავიგე, რომ ანგარიში დამიყადაღეს – მთივლიშვილი

გამოცემა მთის ამბების მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, ისე რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ.

ჟურნალისტის თქმით, კლინიკაში გულის არეში ძლიერი ტკივილით მივიდა, სადაც ინფარქტი დაუდასტურდა, გამოკვლევების თანხის გადახდის დროს კი აღმოაჩინა, რომ მის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადეს.

"ძალადობრივ, სტრესულ, მრავალმხრივ ტოქსიკურ, შხამიან გარემოზე დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ვერ მოვახერხე, დრო ვერ გამოვძებნე, რომ სტრესის მართვა მესწავლა, დღეისათვის არნახულ წნეხსა და ზეწოლას ცოტა ეფექტურად რომ გავმკლავებოდი. ასე აღმოვჩნდი დღეს, დილით, გულის არეში ძლიერი ტკივილით კლინიკაში. მომხედეს, მომიარეს, ინფარქტი დადასტურდა, საუკეთესო ექიმები სწრაფად ჩაერივნენ და გამომაკეთეს, გადამარჩინეს.

გამოკვლევების თანხა დღესვე უნდა გადამეხადა და აღმოჩნდა, რომ რეჟიმს ჩემი პირადი საბანკო ანგარიში სისხამ დილით დაუყადაღებია, თან ისე, ქუთაისის მოსამართლის გადაწყვეტილება დღემდე არ ჩამბარებია. მტაცებლებს 5 000 ლარზე ზემოდან 350 ლარიც დაუმატებიათ - აღსრულების ბიუროს ერთი ფურცლის ბანკში გაგზავნა თურმე ამდენი ღირს. ძარცვაშიც ოსტატები!

ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მთივლიშვილი.

კომენტარები