2 ივნისს Greenpeace-ის აქტივისტებმა საფრანგეთის გრევენის მუზეუმიდან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსის გასამართად წაიღეს.
აქტივისტური დაჯგუფების განცხადების მიხედვით, "Greenpeace France-ის აქტივისტებმა გრევენის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ფიგურა ისესხეს იმ წარმოდგენით, რომ ის არ იმსახურებს, გამოფენილი იყოს მსოფლიოში ცნობილ კულტურულ ინსტიტუტში, სანამ იგი არ შეაჩერებს რუსეთთან კონტრაქტებს და არ შეუწყობს ხელს ამბიციურ და მდგრად ეკოლოგიურ გარდაქმნას ევროპულ დონეზე".
დაჯგუფებამ საფრანგეთის პრეზიდენტს ბრალი დასდო არასაკმარისი ძალისხმევის ჩადებაში, რათა საფრანგეთში რუსული ბუნებრივი აირისა და სასუქის იმპორტი შეწყდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთიდან ბუნებრივი აირისა და სასუქის იმპორტი, რუსული გაზისა და სხვა სახის ენერგოპროდუქტების იმპორტი ევროპაში ჯერ კიდევ გრძელდება. ევროკომისიის გეგმით, ევროპაში რუსული გაზის იმპორტი სრულად 2027 წლისთვის უნდა შეწყდეს.
ფრანგული მედია AFP სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილები - ორი ქალი და ერთი კაცი - მაკრონის ფიგურის მოპარვის დროს ტურისტებად იყვნენ გამოწყობილნი.
ამასთან, გამოცემა Politico-სთან პარიზის პროკურატურამ განაცხადა, "მუზეუმის საზიანოდ ქურდობის" საქმეზე გამოძიება დაიწყო.





