რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ერდოღანმა პუტინს, ზელენსკისა და ტრამპს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოწყობა სურს. მანვე დაამატა, რომ შეხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობას არ გამორიცხავს. 

"ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ორივე მხარისთვის ეს არის ვლადიმირ პუტინი და ზელენსკი სტამბოლში ან ანკარაში ერთად შევკრიბო და შეხვედრაზე ბატონი ტრამპიც კი მივიყვანოთ, თუ ისინი დათანხმდებიან". - თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანმა დაამატა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ ამ შეხვედრის მოსაწყობად "ნაბიჯებს გადადგამს". მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები "ბრწყინვალეა". 

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ 2 ივნისის შეხვედრაზე უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, ასევე ბრძოლაში დაღუპული 6 000-6 000 ჯარისკაცის ცხედრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

"ეს რიცხვები, რომლებზეც როგორც რუსეთი, ისევე უკრაინა საუბრობს [...] ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტამბოლში შეხვედრები. ამით ვამაყობთ". - თქვა ერდოღანმა. 

გარდა ამისა, ერდოღანმა მიუთითა, რომ ოპერაცია "აბლაბუდას" შემდეგ "თავისთავად წარმატებაა", რომ შეხვედრა შედგა. 

"ისიც თავისთავად წარმატებაა, რომ შეხვედრა გუშინდელის მიუხედავად შედგა". - თქვა ერდოღანმა.  

1 ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) სპეცოპერაცია "აბლაბუდას" ფარგლებში რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უწყების მტკიცებით, ოპერაციის შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა და მტერმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო.

ცოტა ხნით ადრე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული  და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, განიხილეს უკრაინის შეთავაზება, რომ ივნისის დასასრულს ლიდერების შეხვედრა შედგეს. 

უმეროვი სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია. 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ შეთავაზება პირველად გაიგო, თუმცა უკრაინულ შეთავაზებებზე პასუხი არ გაუცია.

უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის. 

რუსული სამთავრობო მედია სამთავრობო მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მოლაპარაკებები საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

პროპაგანდისტული ТАСС-ის ცნობით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს აღარ გაგრძელდება.

Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრის დროს რუსეთმა უკრაინას გადასცა "მშვიდობის მემორანდუმი", რომელიც ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების პირობებს მოიცავს.

კომენტარები