რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები საქართველოს დროით 15:00-ზე დაიწყება

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს საქართველოს დროით 15:00 საათზე შეხვდებიან. 

შეხვედრა, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უხელმძღვანელებს, სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებზე იგივე იქნება, რაც 16 მაისს იყო.  

16 მაისს გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2 ივნისს სტამბოლში რუსეთთან მორიგ მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს, თუმცა, თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს რუსეთისგან ხსენებული მემორანდუმი ჯერ კიდევ არ მიუღია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მოლაპარაკებებზე უკრაინა საკუთარ პირობებს დააყენებს.

კომენტარები