რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩაფრინდა

ვლადიმირ მედინსკი სტამბოლში

რუსული პროსამთავრობო მედია НТВ წერს, რომ რუსეთის დელეგაცია, პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით, უკვე სტამბოლშია 2 ივნისს უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.

ლავროვმა უკრაინას 2 ივნისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს, თუმცა, თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს რუსეთისგან ხსენებული მემორანდუმი ჯერ კიდევ არ მიუღია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებზე იგივე იქნება, რაც 16 მაისს იყო. 

16 მაისს გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2 ივნისს სტამბოლში რუსეთთან მორიგ მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. 

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინა საკუთარ პირობებს დააყენებს.

კომენტარები