ომსკის ოლქში კიროვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთში აკრძალულად გამოაცხადა ისეთი მიმების შემცველი 12 გვერდი, რომლებიც ვლადიმირ პუტინის დასცინის და მას ადოლფ ჰიტლერს ადარებს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველად რუსულმა მედიამ, Вёрстка-მ გაავრცელა.
სასამართლოს მიერ აკრძალულ გამოსახულებებს შორის არის სურათი, რომელშიც პუტინს ჰიტლერის მსგავსი თმა და ულვაში აქვს.

აკრძალულია ასევე გვერდი, რომელზეც ატვირთულია მრავალი სურათი წარწერით: "Putler Kaput".

ერთ-ერთ აკრძალულ გვერდზე განთავსებულია გამოსახულება, რომელშიც პუტინის თავზე მიდებული არის პისტოლეტი და წერია: "როგორ გადავარჩინოთ რუსეთი სირცხვილისგან".
გარდა ამისა, სასამართლომ ასევე აკრძალა გვერდი, რომელზეც ატვირთულია მოსკოვში საპროტესტო აქციების ფოტოები - ერთ-ერთ ფოტოზე კაცს უჭირავს პლაკატი წარწერით: "პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულია რუსეთისა და ევროპის წინააღმდეგ".

სასამართლოს სარჩელით კიროვის ადმინისტრაციული ოკრუგის პროკურატურამ მიმართა. პროკურორის მტკიცებით, ზოგიერთ გამოსახულებაზე "ნაცისტური სიმბოლიკა" ჩანს, "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დისკრედიტაციას" ემსახურება და მის "ღირსებას" შეურაცხყოფას აყენებს.
ომსკის პროკურატურა ირწმუნება, რომ ინტერნეტში ატვირთული გამოსახულებები "უარყოფითად მოქმედებს ინტერნეტ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებზე, პირთა განუსაზღვრელ რაოდენობას უბიძგებს ტერორისტული საქმიანობისკენ, დანაშაულებისაკენ და მათ შესრულებას უწყობს ხელს, რასაც, თავის მხრივ, ადამიანისა და მოქალაქის, მათ შორის, არასრულწლოვანების, უფლებებისა და თავისუფლებებისა და ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების დარღვევა შეიძლება მოჰყვეს".





