კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოხარულები არიან, რომ პუტინის განცხადებები NATO-ს გაფართოების მიუღებლობის შესახებ, "მათ შორის, ვაშინგტონში ესმით".
ამის შესახებ პესკოვმა ტრამპის სპეციალური წარმომდგენლის, კით კელოგის განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ილაპარაკა.
"პრეზიდენტი პუტინი თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის ამერიკელ წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების გადმოსახედიდან NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების მიუღებლობაზე ჩვენს პოზიციას რეგულარულად გადასცემს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები ესმით, მათ შორის, ვაშინგტონში. [...] და, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დადებით შთაბეჭდილებას გვიტოვებს შუამავლის როლის მხრივ, რომელსაც ვაშინგტონი აგრძელებს". - თქვა პესკოვმა.
გარდა ამისა, პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ კრემლს კელოგის განცხადება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დახურული მოლაპარაკებების შედეგად მიაჩნია.
"მათ შორის, რა თქმა უნდა" - თქვა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ რუსეთი აშშ-სთან მოლაპარაკებების "დეტალურ ნიუანსებზე", მათ შორის NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საჯაროდ საუბარს არ აპირებს.
მანამდე, უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა ABC News-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთისთვის "სამართლიანი შეშფოთების" მიზეზია და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მისივე თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებზე უკრაინის გარდა საქართველო-მოლდოვის NATO-ს წევრობის საკითხსაც აყენებს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინს წერილობითი გარანტია მისცეს იმის შესახებ, რომ NATO აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს თავად ტრამპის გადასაწყვეტია.





