უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით რუსეთი მოლაპარაკებებზე უკრაინის გარდა, საქართველო-მოლდოვის NATO-ს წევრობის საკითხსაც აყენებს.
ამის შესახებ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ. ისინი საუბრობენ საქართველოზე, მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ კარგი, შეგვიძლია ყოვლისმომცველად შევაჩეროთ NATO-ს გაფართოება, რომელიც თქვენს საზღვრებთან მოდის, ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხია". - თქვა კელოგმა ინტერვიუში.
მისი თქმით, NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთისთვის "სამართლიანი შეშფოთების" მიზეზია და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღისწესრიგში არ დგას.
"ვფიქრობ, ეს სამართლიანი შეშფოთებაა და ამას არაერთხელ ვამბობდით. ისევე როგორც ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. მე შემიძლია ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ NATO-ში. NATO-ში გაწევრიანებისთვის 32-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. და უკვე ვნახეთ ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ამის შესახებ დარწმუნებულები არ არიან". - აღნიშნა კელოგმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინს წერილობითი გარანტია მისცეს იმის შესახებ, რომ NATO აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს თავად ტრამპის გადასაწყვეტია.
"ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და არა ჩემი. ჩვენ მივალთ პრეზიდენტთან და ვეტყვით: ბატონო პრეზიდენტო, ეს არის ის, რაც განვიხილეთ, ეს არის ის, რის გასაკეთებლადაც ყველა მხარე მზად არის. მზად ხართ ეს მიიღოთ? შემდეგ იმედია, დაიწყება მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის და მივაღწევთ ომის დასასრულს". - თქვა სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მანამდე, 13 მაისს, Fox News-თან ინტერვიუში კელოგმა თქვა, რომ უკრაინაში NATO-ს ჩართულობაზე საუბარი ნაადრევია.
"საუბარია NATO-ზეც, NATO-ს ჩართულობაზე, როგორ გამოიყურება NATO. შეიძლება არ მოგვწონდეს ამის თქმა უკრაინისთვის, მაგრამ ეს შეიძლება ახლო მომავალში ვერ მოხდეს. მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა - არა". - აღნიშნა კელოგმა.





