რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: ნავთობზე ფასის ვარდნის გამო რუსული ექსპორტის ღირებულება ორწლიან მინიმუმზეა

REUTERS/Tatiana Meel

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის ღირებულება ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე ჩამოვარდა 25 მაისამდე არსებულ ოთხკვირიან პერიოდში.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული ტანკერების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, 25 მაისამდე ოთხკვირიან პერიოდში ნედლი ნავთობის ექსპორტმა დღეში საშუალოდ 3.39 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 18 მაისამდე ერთთვიანი პერიოდის საშუალოზე 10 000 ბარელით ნაკლებია. თუმცა ტვირთბრუნვის საერთო ღირებულება 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე იყო დავარდნილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 13 თვის განმავლობაში ზღვის მეშვეობით რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტი ქვემოთ მიემართებოდა. მას შემდეგ, რაც 2024 წლის 21 აპრილს, 28-დღიან პერიოდში, ნავთობის ექსპორტმა კვირაში დაახლოებით $1.95 მილიარდი შეადგინა, რუსული ნედლი ნავთობის ფასი 28%-ით დაეცა, ხოლო გადაზიდვების მოცულობა თითქმის 8%-ით არის შემცირებული. გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ უცნობია, ითამაშა თუ არა სანქციებმა მნიშვნელოვანი როლი ამ კუთხით.

ამასთანავე, დიდი შვიდეული განიხილავენ ფასზე ზღვრის $60-დან $50-მდე შემცირებას, რომლის მიღმაც რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი დასავლურ გემებსა და სერვისებს ვერ გამოიყენებს. Bloomberg-ის ცნობით, ამჟამად ურალის ნედლი ნავთობი ბარელზე $52-ად იყიდება, რის გამოც ზღვარი ფაქტობრივად რეალურ გავლენას ვერ ახდენს. ხოლო ფასზე ზღვრის შემცირებამ, შესაძლოა რუსული ექსპორტი მაინც ვერ შეზღუდოს, ვინაიდან რუსეთი დასავლეთის ჩართულობის გარეშე ნავთობის გადასაზიდად გემების ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს" იყენებს.

Bloomberg მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, როგორც ჩანს, მცირე გავლენა აქვს, რადგან ჩინეთი და ინდოეთი შავ სიაში შეყვანილ გემებს თავიანთ პორტებში უშვებენ. აშშ-ს მიერ მიღებული ზომები კი უფრო ეფექტური ჩანს, მაგრამ მათი უგულებელყოფაც ხდება.

25 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად" განიხილავს რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას.

მოგვიანებით კი ტრამპმა სოციალურ ქსელში პუტინს "სრულიად შეშლილი" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს "რაღაც დაემართა", ვინაიდან უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს", ხოლო უკრაინულ ქალაქებს "რაკეტები და დრონები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს".

28 მაისს ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ თუკი პუტინი იტყუება ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მაშინ აშშ ამას განსხვავებულად უპასუხებს.

"არ ვიცი, მაგრამ ორ კვირაში გეტყვით. ჩვენ მალე გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის. თუ კი, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ." - თქვა ტრამპმა.

კომენტარები