გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინაში წარმოებას დააფინანსებს. ამის შესახებ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ". - თქვა მერცმა.
ამის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. შეთანხმებას ხელი გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსტემ უმეროვმა მოაწერეს.
სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების წარმოების დაფინანსებასთან ერთად, კიევისთვის დამატებით სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა შეიარაღების მიწოდებას მოიცავს.
მანამდე, გამოცემა Bild წერდა, რომ გერმანიის მთავრობა გეგმავს გამოყოს დაფინანსება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა კიევმა დამოუკიდებლად შეძლოს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების წარმოება.
გამოცემის ცნობით, უკრაინა ასეთი ტიპის რაკეტების წარმოებას უკვე სწავლობს.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პრობლემად იქცეს ის, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია რუსეთის მხრიდან ყოველდღიურად საჰაერო თავდასხმების ქვეშ იმყოფება და იარაღის ქარხნები რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.





