ირანის ბირთვული პროგრამა

Axios: ტრამპმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, არ შეუშალოს ხელი ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
Mandel Ngan/AFP via Getty

გამოცემა Axios თეთრი სახლის მაღალჩინოსანსა და საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინა კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, არ მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს.

ბოლო პერიოდში CNN და Axios წერდნენ, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე სწრაფი იერიშისთვის ემზადება, თუკი აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება.

მაღალჩინოსნის თქმით, ამის გამო ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები ბოლო კვირების განმავლობაში შეშფოთებულები იყვნენ იმ ცნობებით, რომ ისრაელმა შესაძლოა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანოს ან სხვა ნაბიჯები გადადგას, რაც მოლაპარაკებებს ძირს გამოუთხრის.

ისრაელურმა წყაროებმა Axios-თან თქვეს, რომ ისრაელის დაზვერვას ბოლო დღეებში წარმოდგენა შეეცვალა და აღარ სჯერათ, რომ აშშ-ირანს შორის ბირთვული შეთანხმების დადება ახლოსაა. ამის ნაცვლად, ისინი ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე ჩამოიშალოს.

ხოლო 20 მაისს CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ემზადება.

ამ ფონზე, ტრამპმა ნეთანიაჰუს 22 მაისს გამართული სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მას არ სურს, ირანთან საკითხის დიპლომატიური კუთხით მოგვარებას "ხელი რაიმემ შეუშალოს".

მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპის გზავნილი იყო, რომ მას "არ სურს ნეთანიაჰუს მხრიდან ანტაგონიზმი მაშინ, როცა პრობლემების მოგვარებას ცდილობს". თუმცა, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ "მეორე ვარიანტი" კვლავ მაგიდაზე რჩება, მაგრამ ჯერ სურს იხილოს, შესაძლებელია თუ არა საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრა.

კომენტარები