რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კელოგი: მეორე შეხვედრის გამართვა ვატიკანში გვინდოდა, თუმცა რუსებს იქ წასვლა არ სურთ

უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი
AP Photo/Susan Walsh

უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა აშშ-ს ვატიკანში უნდოდა, თუმცა "რუსებს იქ წასვლა არ სურთ". ამის შესახებ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა

კელოგის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს მეორე შეხვედრის ვატიკანში გამართვა არ სურთ, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ჟენევაში გაიმართება. 

"როგორც კი [რუსეთისგან] პირობების სიას ან მემორანდუმს მივიღებთ [ომის დასრულების გზების შესახებ], შემდეგი შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სავარაუდოდ ჟენევაში მოხდება. 

ჩვენ გვინდოდა, [მოლაპარაკებები] ვატიკანში გამართულიყო და საკმაოდ მზად ვიყავით მსგავსი სცენარისთვის, თუმცა რუსებს ვატიკანში წასვლა არ სურთ. შესაბამისად, ვფიქრობ, შემდეგი გაჩერება ჟენევა იქნება". - თქვა 

კელოგმა ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომი "ინდუსტრიული ძალის ხოცვად" შეაფასა. მისი თქმით, ომში მოკლულთა რიცხვი "მეორე მსოფლიო ომის მაჩვენებელს გასცდა".

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადების შესახებ, რომ "პუტინი სრულიად შეიშალა", ვინაიდან  უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს". 

"გასაგებია მისი ფრუსტრაცია, ვინაიდან როდესაც [პუტინი] ასე ესხმის თავს ქალაქებს და განურჩევლად კლავს ქალებსა და ბავშვებს სარაკეტო თუ დრონებით თავდასხმებით, ეს 1977 წლის ჟენევის პროტოკოლის ნათელი დარღვევაა, რომელიც ამგვარი ამის პრევენციისთვის შეიქმნა [...] და მასზე ხელი რუსეთსაც აქვს მოწერილი". - თქვა კელოგმა. 

აშშ-ს არმიის ყოფილი ლეიტენანტ-გენერლის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ომის დასრულება შეუძლია პრეზიდენტი ტრამპია. 

"მე ამის მართლა მჯერა. რამდენჯერმე მითქვამს პირდაპირ ეთერშიც, რომ მისი პიროვნების გათვალისწინებით, თუ ვინ არის ის, ერთადერთია, ვისაც რეგიონში მშვიდობის მოტანა შეუძლია. ეს მარტივი არ იქნება. მოლაპარაკებები არასდროსაა მარტივი. თუმცა შეუძლებელია, ეს ომი სისასტიკისა და ორივე მხარეს ჯარისკაცთა ხოცვის გზით დასრულდეს. ყველაფერი მოლაპარაკებებამდე დავა". - აღნიშნა კელოგმა. 

კომენტარები