ამერიკული ფინანსური სერვისების კომპანია JPMorgan რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ უკრაინაში მოვლენების შესაძლო განვითარების ანალიზს აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთ შესაძლო შედეგად "ქართულ სცენარს" განიხილავს. ანგარიშში წერია, რომ საქართველოში დემოკრატია დასუსტებულია, მმართველი პარტიის უკან კი რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ოლიგარქი დგას.
JPMorgan უკრაინის ომის შემდგომი განვითარების ოთხ სცენარს ასახელებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, არსებულ მდგომარეობას უკავშირებს.
საუკეთესო შედეგად ანგარიშში სამხრეთ კორეის სცენარი არის დასახელებული, რომელსაც ანალიზის თანახმად, 15% ალბათობა აქვს, JPMorgan შედარებით დადებით განვითარებად ისრაელის სცენარს განსაზღვრავს, რომელსაც 20%-იან ალბათობას ანიჭებს, ხოლო "ქართულ სცენარს" "არც ისე კარგ" განვითარებად განიხილავს და ამბობს, რომ ამ შედეგის ალბათობა 50%-ია. "ყველაზე ცუდი" შედეგი, JPMorgan-ის თანახმად, ბელარუსის სცენარი იქნება, რომელსაც, მათი აზრით, 15%-იანი ალბათობა აქვს.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში ომის შემდგომი განვითარების "ქართული სცენარი" მუდმივ არასტაბილურობას, ზრდისა და აღდგენის პროცესის შეფერხებას, დასავლური ინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და თანდათანობით რუსეთის ორბიტაში დაბრუნებას მოიაზრებს.
"უცხოური ჯარებისა და მტკიცე სამხედრო მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში იქნება მუდმივი არასტაბილურობა, შეფერხდება ზრდა და აღდგენის პროცესი, დროთა განმავლობაში შესუსტდება უცხოური მხარდაჭერა, ის დასავლური ინტეგრაციის (ანუ, EU-სა და NATO-ს წევრობის) გზიდან ფაქტობრივად გადაუხვევს და დროთა განმავლობაში რუსეთის ორბიტას თანდათანობით დაუბრუნდება". - წერია ანგარიშში.
JPMorgan წერს, რომ საქართველო "ოდესღაც წარმატებული რეფორმის მაგალითად" აღიქმებოდა, მისი დღევანდელი მდგომარეობა კი აჩვენებს, რომ უსაფრთხოებისა და ინსტიტუციური საყრდენების არარსებობამ შესაძლოა დემოკრატიულ მმართველობას ძირი გამოუთხაროს და ეკონომიკური პოტენციალი დაასუსტოს.
"ოდესღაც წარმატებული რეფორმის მაგალითად აღქმული საქართველო აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ სანდო უსაფრთხოებისა და ინსტიტუციური საყრდენების ნაკლებობამ დემოკრატიულ მმართველობას თანდათანობით ძირი გამოუთხაროს და ეკონომიკური პოტენციალი დაასუსტოს.
[...]
მტკიცე ვალდებულებების გარეშე უკრაინის მომავალი შესაძლოა ჰგავდეს საქართველოსას - გამომაფხიზლებელ შეხსენებას, რომ ომები შესაძლოა სამართლიანი მშვიდობის გარეშე დასრულდეს და რომ ყველაზე ძლიერი პროდასავლური განწყობაც შეიძლება მინელდეს, თუკი დასავლური ინსტიტუტების მიერ სათანადო პასუხს არ მიიღებს და გაზიარებული არ იქნება". - წერს JPMorgan.
ანგარიშში განმარტებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ დასავლეთისგან დახმარება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე მიიღო, დღეს კი მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაცია შეაჩერა და რუსული სტილის კანონები მიიღო, რითაც დასავლური დაფინანსება შეაჩერა.
როგორც JPMorgan აღნიშნავს, პარალელურად, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ბმები გამყარდა.
"2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ საქართველომ დასავლეთის მხრიდან დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერით ისარგებლა, რომელიც ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების გარანტიებს არ მოიცავდა. დღეს საქართველოს მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", რომლის უკანაც რუსეთთან მეგობრულად განწყობილი ოლიგარქი დგას, EU-ში გაწევრიანების პროცესი გაყინა და კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონები მიიღო, რომელთა შედეგადაც აშშ-სა და ევროკავშირის დაფინანსება შეჩერდა. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და დემოკრატიის ეროზიამ, რომელსაც რუსული გავლენა უწყობს ხელს, უცხოური ვალუტის მარაგის შემცირების ფონზე ინვესტორთა ნდობაზე იმოქმედა.
ამავდროულად, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა: 2022-2023 წლებში მხოლოდ რუსეთიდან შემავალმა ფულადმა გზავნილებმა საქართველოს მშპ-ს დაახლოებით 15% შეადგინა, რაც მას ქვეყანაში ფულადი გზავნილების უმსხვილეს წყაროს ხდიდა. ვაჭრობა და პირდაპირი გადაადგილება გაფართოვდა და რუსეთის მოქალაქეების შედინება გაიზარდა. საქართველოს მცირე, ფულად გზავნილებსა და ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, რომლის მშპ 2023 წელს სულ რაღაც 30.5 მილიარდ დოლარს, ოკლაჰომას მშპ-ს მერვედს, შეადგენდა, კვლავ იზრდება, თუმცა უფრო და უფრო მოწყვლადია". - წერია JPMorgan-ის ანგარიშში.
JPMorgan ვარაუდობს, რომ საქართველოს მსგავსი შედეგი უკრაინისთვის ყველაზე მეტად მოსალოდნელია. მათივე თქმით, თუკი მოვლენები ასე განვითარდება, უკრაინას ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პრობლემები შეექმნება.
"თუკი უკრაინა მსგავს შედეგს მიიღებს, შესაძლოა, რომ თავდაპირველად დონორების ენთუზიაზმისა და აღდგენის პროცესის მხარდაჭერის ტალღით ისარგებლოს, თუმცა დასავლეთის უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ სტრუქტურებში მტკიცე ინტეგრაციის გარეშე უკრაინა გეოპოლიტიკურად რუხ სივრცეში ნელ შედინებას რისკავს. 7 მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ აღარ დაბრუნდეს, რაც ეკონომიკას საჭირო კვალიფიციურ მუშახელს მოაკლებს. ფრთხილმა ინვესტორებმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ თავი აარიდონ არასტაბილურ, უსაფრთხოების მხრივ მოწყვლად გარემოს, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს და დივერსიფიკაციას შეაფერხებს.
შესაძლოა, რომ უკრაინას რუსეთთან დაკავშირებული მოწყვლადი სავაჭრო კორიდორები ან არაფორმალური დამოკიდებულებები ხელახლა გააცოცხლოს. ბიზნესისთვის დაზღვევისა და რისკის პრემია მაღალი დარჩება, რაც კონკურენტულობას ძირს გამოუთხრის.
სამხედრო ძალის ზომისა და შესაძლებლობის შეზღუდვებმა, თუკი ეს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იქნება, შესაძლოა უკრაინის დინამიკური თავდაცვისა და ტექნოლოგიის სექტორები ნაადრევად გაგუდოს და ომის შემდგომი ზრდის პოტენციური ძრავა გააქროს.
პარადოქსულია, რომ აღმოსავლეთის ტერიტორიების დაკარგვამ შესაძლოა ტურნიკეტის როლი შეასრულოს, კიევი დონბასში ხარჯიან აჯანყებას ჩამოაცილოს და შესაძლებელი გახადოს, რომ აღდგენის პროცესი უფრო მართვად, ნაკლებად დაზიანებულ რეგიონებზე კონცენტრირდეს, რომლებსაც ნაკლები საჯარო ხარჯების გამოყოფა სჭირდება". - წერია ანგარიშში.





