დღეს მაშველები მუშაობენ უკრაინის 30-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მასშტაბური იერიში განახორციელა. სადაც საჭიროება არის, სამუშაოები გრძელდება – ჩვენი საგანგებო სამსახურები ადგილზე არიან, ეხმარებიან და გვერდში უდგანან ადამიანებს. მადლობა მათ.
რუსებმა ღამით თითქმის 300 საიერიშო დრონი გაუშვეს, ძირითადად "შაჰიდის" ტიპის. გარდა ამისა, გაშვებული იქნა თითქმის 70 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სამიზნეები იყო კიევი და კიევის ოლქი, ასევე ჟიტომირი, ხმელნიცკი, ტერნოპილი, ჩერნიგოვი, სუმი, ოდესა, პოლტავა, დნეპრო, მიკოლაივი, ხარკოვი და ჩერკასი. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიან ქალაქებზე.
განადგურებულია და დაზიანებულია ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები. კიევში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი დაზიანდა. დარტყმები განხორციელდა კერძო კომერციულ ობიექტებზეც. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვები. ვუსამძიმრებ ოჯახებს.
ყოველი ასეთი რუსული ტერორისტული თავდასხმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დასაწესებლად საკმარისი საფუძველია. რუსეთი ხელოვნურად ახანგრძლივებს ამ ომს და მკვლელობებს ყოველდღიურად აგრძელებს. შესაძლოა, მსოფლიოს ჰქონდეს დასვენების დღეები, მაგრამ ომი გრძელდება – უქმეების გარეშეც და უქმეების დროსაც. ამას ვერ გავექცევით. ამერიკის დუმილი და დანარჩენი მსოფლიოს დუმილიც მხოლოდ გამამხნევებელია პუტინისთვის.
რუსეთის ხელმძღვანელობაზე ჭეშმარიტად ძლიერი წნეხის გარეშე, ეს სისასტიკე ვერ შეჩერდება. ამას სანქციები ნამდვილად დაეხმარება. ახლა მზაობაა გადამწყვეტი - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპული ქვეყნების და ყველა იმ სახელმწიფოს, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ გამოყენებული იქნება ზეწოლის ძალა. პუტინი იძულებული უნდა გახდეს, რომ არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე იფიქროს





