გრიგოლ გეგელია

შსს-სგან გეგელიაზე თავდასხმის გამოძიებას მოვითხოვთ – ძლიერი საქართველო

კოალიცია ძლიერი საქართველო პარტიის საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, "როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას".

კოალიცია განცხადებაში თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

"დღეს "ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

"ლელო-ძლიერი საქართველო" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება "ქართულ ოცნებას" - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!" - წერია განცხადებაში.

24 მაისს კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრს, გრიგოლ გეგელიას მშობლების საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები თავს დაესხნენ.

ტაბულას ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფოც.

კომენტარები