ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის, მას შემდეგ რაც ადმინისტრაციამ ჰარვარდს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა.
ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების "აშკარა დარღვევად" შეაფასა და განაცხადა, რომ მას "დაუყოვნებელი და გამანადგურებელი ეფექტი“ ჰქონდა, როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე 7,000-ზე მეტ ვიზის მფლობელისთვის.
"კალმის ერთი მოსმით მთავრობამ ჰარვარდის სტუდენტთა მეოთხედის განადგურება სცადა - საერთაშორისო სტუდენტებისა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უნივერსიტეტის საქმიანობაში და მისი მისიის განხორციელებაში" - ნათქვამია საჩივარში.
ჰარვარდი ასევე აცხადებს, რომ "ეს არის მთავრობის მორიგი ქმედება, რომელიც აშკარად წარმოადგენს შურისძიებას ჰარვარდის მხრიდან პირველი შესწორებით მინიჭებული უფლებების გამოყენებისთვის - უნივერსიტეტმა თავისი მმართველობის, სასწავლო კურიკულუმისა და პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ‘იდეოლოგის’ მთავრობის მოთხოვნებისთვის დამორჩილებაზე უარი თქვა.“
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება მას შემდეგ გაუუქმა, რაც უნივერსიტეტმა რამდენიმე უცხოელი სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.
ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის ბრძანებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლიდან უნდა შეჩერდეს.
ნოემმა ჰარვარდი "ძალადობის წახალისებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში" დაადანაშაულა.





