საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირის საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოში EU-ს დიპლომატი არ შემოუშვეს

საქართველოში ევროკავშირის საელჩო ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 21 მაისს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრი და გაფართოების საკითხებში პროგრამის ოფიცერი საიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს. 

ევროკავშირის წარმომადგენლობამ აღნიშნულ საკითხზე ფორმულასთან ისაუბრა. 

"ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სათანადოდ აკრედიტებულ წევრს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა მოქმედ ნორმებს, რომლებსაც საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია [საქართველოში] თავის ადგილს დაუბრუნდეს", - ამბობს ევროკავშირის წარმომადგენლობა ფორმულასთან.

 22 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრი და გაფართოების საკითხებში პროგრამის ოფიცერი საიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს. 

შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეც. 

"ევროკავშირის მისიის დიპლომატი მიმდინარე კვირაში ქვეყანაში არ შეუშვეს. ევროპული ქვეყნები, რამდენიმეს გარდა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოელიან". - წერს იუკნევიჩიანე. 

კომენტარები