რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

G7: რუსეთის აქტივები გაყინული დარჩება, სანამ არ შეწყდება აგრესია უკრაინაში

G7 დიდი შვიდეული

დიდი შვიდეული ავრცელებს ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვით, ჯგუფის წევრი სახელმწიფოების იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამდე, სანამ უკრაინაში რუსეთის აგრესია არ დასრულდება. 

"ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევას. თუ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას, მათ სორის, წნეხის მაქსიმალურად გაზრდას დამატებითი სანქციებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენს იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამდე, სანამ რუსეთი თავის აგრესიას არ დაასრულებს და არ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს" – წერია განცხადებაში. 

2024 წლის ივნისში, იტალიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის (G7) რიგით 50-ე სამიტზე, ფორუმის წევრი ქვეყნები რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის სახით გადაცემაზე შეთანხმდნენ.

დიდი შვიდეულის წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და აშშ. შეხვედრებს ტრადიციულად ევროკავშირის ლიდერებიც ესწრებიან.

კომენტარები