გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულმა სამეფომ მავრიკს ჩაგოსის კუნძულები გადასცა

22 მაისს, გაერთიანებულმა სამეფომ შეთანხმებას ჩაგოსის კუნძულების სუვერენიტეტის მავრიკისთვის გადაცემაზე ხელი მოაწერა - მას შემდეგ, რაც ლონდონის მოსამართლემ უარი თქვა შეთანხმების დაბლოკვაზე და გზა გაუხსნა ხელშეკრულებას, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებლად მიიჩნევს.

მრავალმილიარდიანი შეთანხმების შედეგად, ბრიტანეთს შეუნარჩუნდება კონტროლი ჩაგოსის არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან აშშ-ბრიტანეთის საერთო საჰაერო ბაზაზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. კონტროლი 99-წლიანი იჯარის საფუძველზე განხორციელდება.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ძვირადღირებული და ჩინეთის ინტერესებისთვის ხელსაყრელი გარიგების გაფორმებაში სდებენ ბრალს, აცხადებს, რომ შეთანხმება დიეგო გარსიას ბაზაზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც მომავლის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ამ ბაზის სტრატეგიული მდებარეობა ბრიტანეთისთვის უზარმაზარი მნიშვნელობისაა - ერაყსა და ავღანეთში ტერორისტებთან საბრძოლველად საჰაერო ძალების განთავსებიდან დაწყებული, წითელ ზღვასა და ინდო-წყნარ ოკეანეში მზარდი საფრთხეების შეკავებამდე.

ამ შეთანხმების ახლა, ჩვენს პირობებზე დაფუძნებით გაფორმებით, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ინტერესებს და ვზღუდავთ მტრულ ზეგავლენას, რაც საშუალებას გვაძლევს ამ ბაზის ფუნქციონირება მომავალი საუკუნის განმავლობაშიც გავაგრძელოთ" - თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა პრესკონფერენციაზე

2019 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ სარეკომენდაციო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც გაერთიანებულ სამეფოს 1965 წელს მავრიკისგან ჩამოშორებული ჩაგოსის კუნძულები კვლავ მავრიკისთვის უნდა გადაეცა.

კომენტარები