ნავთობის ფასის ვარდნა

Bloomberg: OPEC+ ივლისში ნავთობის წარმოების მორიგი მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობას განიხილავს

REUTERS/Alexander Manzyuk

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, OPEC+-ის წევრი სახელმწიფოები ივლისის თვეში ნავთობის წარმოების კიდევ ერთხელ გაზრდას განიხილავენ. დელეგატების თქმით, წევრები ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ და იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში, ზედიზედ მესამედ მოხდება ნავთობის წარმოების ზრდა.

ანონიმური დელეგატების თქმით, OPEC+-ის ჯგუფი ერთ-ერთ ვარიანტად ივლისისთვის ნავთობის წარმოების დღიურად 411 000 ბარელით ზრდასაც განიხილავს, რაც თავდაპირველად დაგეგმილი რაოდენობის სამმაგს წარმოადგენს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება 1-ელ ივნისს დაგეგმილი შეხვედრისთვის არის მოსალოდნელი.

ჯგუფის მიერ მაისისა და ივნისში ნავთობის წარმოების დღიურად 411 000 ბარელით ზრდის დაანონსებას, რაც OPEC+-ის ამჟამინდელი წარმოების დაახლოებით 1%-ს შეადგენს, მსოფლიოში ნედლ ნავთობზე ფასების ვარდნა მოჰყვა. ნედლი ნავთობის ფიუჩერსები ფასები დაეცა დღესაც, 22 მაისს, როდესაც ბარელის ფასი ლონდონის დროით დილის 9:13 საათზე $64.31-დან $63.79-ზე ჩამოვიდა, რამაც 0.9%-იანი კლება შეადგინა.

Bloomberg-ის მიხედვით, OPEC+-ს საჯაროდ ნათქვამი აქვს, რომ წარმოების ზრდის მიზეზი არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, თუმცა ზოგიერთი მაღალჩინოსანი პირად საუბრებში ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, მათ შორის ზედმეტი ნავთობის მწარმოებელი წევრების დასჯას, ბაზარზე წილის აღდგენასა და ტრამპის დაშოშმინების მცდელობასაც.

კომენტარები