ირანის ბირთვული პროგრამა

Axios: წყაროები ადასტურებენ, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშისთვის ემზადება

ირანის ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სურათის წინ გამართულ სამხედრო გამოფენაზე რაკეტა Shahab-3-ია წარდგენილი, თეირანი, 2008
AP/Hasan Sarbakhshian

CNN-ის შემდეგ გამოცემა Axios-იც, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე სწრაფი იერიშისთვის ემზადება, თუკი აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება.

ისრაელური წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ ისრაელის დაზვერვას ბოლო დღეებში წარმოდგენა შეეცვალა და აღარ სჯერათ, რომ აშშ-ირანს შორის ბირთვული შეთანხმების დადება ახლოსაა. ამის ნაცვლად, ისინი ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე ჩამოიშალოს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ისრაელის არმიაში ფიქრობენ, რომ ირანზე წარმატებული იერიშის მისატანად შესაძლებლობების ფანჯარა შესაძლოა, მალე დაიხუროს, ამიტომ ისრაელის მხრიდან სწრაფი მოქმედება იქნება საჭირო. წყაროს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ იქნებოდა მოგვიანებით მიტანილი იერიში ნაკლებ ეფექტური.

ამასთანავე, Axios-ის ცნობით, ორივე წყარომ დაადასტურა CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) შესაბამის წვრთნებს გადის და სხვა მოსამზადებელ ნაბიჯებს დგამს ირანზე შესაძლო იერიშისთვის. "უამრავი წვრთნა იყო და აშშ-ს არმია ყველაფერს ხედავს, და ესმის, რომ ისრაელი ემზადება." - თქვა ერთმა წყარომ.

"ბიბი [ბენიამინ ნეთანიაჰუ] ემზადება ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლისთვის და მომენტისთვის, როცა ტრამპი იმედგაცრუებული იქნება მოლაპარაკებებზე და მწვანე შუქს მისცემს." - დაამატა ისრაელურმა წყარომ.

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი პარასკევს, 23 მაისს, რომში იგეგმება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ბოლო მოლაპარაკებებზე ირანელ კოლეგას წერილობითი წინადადება გადასცა და იზრდებოდა წარმოდგენა, რომ მხარეები შეთანხმების დადებასთან ახლოს იყვნენ. თუმცა, ირანის მიერ ქვეყნის შიგნით ურანის გამდიდრების შესაძლებლობის ქონის საკითხმა მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.

"ჩვენ ძალიან მკაფიო წითელი ხაზი გვაქვს და ეს [ურანის] გამდიდრებაა. 1%-ით გამდიდრების უნარსაც კი ვერ დავუშვებთ." - თქვა უიტკოფმა ABC-სთან ინტერვიუში.

Axios-ის ორი ისრაელური წყაროს მიხედვით, ირანზე ისრაელის იერიში არ იქნება ერთჯერადი, არამედ სამხედრო კამპანია იქნება, რომელიც, სულ მცირე, ერთი კვირა გაგრძელდება.

20 მაისს CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა ისრაელის მთავრობაში საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, CNN-ის წყაროების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციაში უთანხმოება იყო საბოლოოდ ირანზე იერიშების მიტანასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, "ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა" ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის მხრიდან იერიშის მიტანის ალბათობა. მან დაამატა, რომ იერიში უფრო სავარაუდო იქნება, თუკი აშშ ირანთან იმგვარ შეთანხმებას დადებს, რომლითაც ირანის ბირთვული პროგრამის სრული განიარაღება არ მოხდება.

CNN-ის ცნობით, აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები ეფუძნება ისრაელელ მაღალჩინოსნებს შორის საჯარო და კერძო საუბრებს, აგრეთვე ისრაელის სამხედრო გადაადგილებებზე დაკვირვებასა და ისრაელის მხარეს კომუნიკაციის გადაჭერით მიღებულ ინფორმაციას.


მანამდე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს.

"არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის [პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის] დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება." - თქვა მან.

ირანის ლიდერმა ასევე "მიუღებელი" უწოდა აშშ-ს მიერ ირანის მიმართ მოწოდებებს, რომ სრულად შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

"არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება." - დაამატა მან.

16 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადება შესთავაზა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თეირანს ასეთი წინადადება არ მიუღია.

"არ არსებობს სცენარი, რომელშიც ირანი თავის ლეგიტიმურ უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრებაზე, უარს იტყვის." - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესს აშშ-ს პოზიციის მუდმივი ცვალებადობა აჭიანურებს.

ტრამპმა 15 მაისს თქვა, რომ აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა და დაამატა, რომ თეირანი "გარკვეულწილად" დათანხმდა ამერიკული მხარის პირობებს.

კომენტარები