ირანის ბირთვული პროგრამა

CNN: აშშ-ს დაზვერვა მიანიშნებს, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმისთვის ემზადება

ისრაელის ავიაგამანადგურებელი F-15 I ჰაცერიმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ნეგევის უდაბნოში, ქალაქ ბეერ-შევასთან
Jack Guez/AFP via Getty Images

20 მაისს CNN-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა ისრაელის მთავრობაში საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, CNN-ის წყაროების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციაში უთანხმოება იყო საბოლოოდ ირანზე იერიშების მიტანასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, "ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა" ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის მხრიდან იერიშის მიტანის ალბათობა. მან დაამატა, რომ იერიში უფრო სავარაუდო იქნება, თუკი აშშ ირანთან იმგვარ შეთანხმებას დადებს, რომლითაც ირანის ბირთვული პროგრამის სრული განიარაღება არ მოხდება.

CNN-ის ცნობით, აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები ეფუძნება ისრაელელ მაღალჩინოსნებს შორის საჯარო და კერძო საუბრებს, აგრეთვე ისრაელის სამხედრო გადაადგილებებზე დაკვირვებასა და ისრაელის მხარეს კომუნიკაციის გადაჭერით მიღებულ ინფორმაციას.

მანამდე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს.

"არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის [პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის] დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება." - თქვა მან.

ირანის ლიდერმა ასევე "მიუღებელი" უწოდა აშშ-ს მიერ ირანის მიმართ მოწოდებებს, რომ სრულად შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა. 

"არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება." - დაამატა მან.

16 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადება შესთავაზა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თეირანს ასეთი წინადადება არ მიუღია.

"არ არსებობს სცენარი, რომელშიც ირანი თავის ლეგიტიმურ უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრებაზე, უარს იტყვის." - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესს აშშ-ს პოზიციის მუდმივი ცვალებადობა აჭიანურებს.

ტრამპმა 15 მაისს თქვა, რომ აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა და დაამატა, რომ თეირანი "გარკვეულწილად" დათანხმდა ამერიკული მხარის პირობებს.

კომენტარები