ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყებას აანონსებს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყებას აანონსებს

"ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო, რომ ოფიციალურად შევარჩიეთ შესაბამისი არქიტექტურა ამ უახლესი სისტემისთვის, რომელიც შემდეგი თაობის ტექნოლოგიებს განალაგებს ხმელეთზე, ზღვაში და კოსმოსში. მათ შორის, კოსმოსური ბაზირების სენსორებსა და გამანადგურებლებს. [...] დასრულების შემდეგ, ოქროს გუმბათს შეეძლება რაკეტების განადგურება, მაშინაც კი, თუ მათ მსოფლიოს მეორე ბოლოდან, ან, თუნდაც კოსმოსიდან გაისვრიან" – ამბობს ტრამპი. 

პრეზიდენტის თქმით, პროგრამა დაახლოებით სამ წელში დასრულდება, ხოლო მისი სრული ხარჯი $175 მილიარდს შეადგენს. ტრამპის თქმით, თავდაპირველად პროგრამის დასაწყებად $25 მილიარდი იქნება საჭირო, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია კონგრესში წარსადგენად. 

ტრამპმა აშშ-ს შეიარარებულ ძალებს ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა მიმდინარე წლის 27 იანვარს დაავალა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ბირთვული თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა პირველად პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოწია 1983 წელს, თუმცა, იმ პერიოდში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა. 

კომენტარები