რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ტრამპი რუსეთისთვის სანქციებს ჯერ არ განიხილავს, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

როგორც გამოცემა Reuters წერს, ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამ ეტაპზე არ განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ პროგრესის შანსი არსებობს, თუმცა სამომავლოდ ასეთი ზომების მიღება არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებთან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ილაპარაკა.

"იმიტომ, რომ ვფიქრობ, რაღაცის გაკეთების შანსი არსებობს და თუ ამას იზამ [სანქციებს დააწესებ], შეიძლება, რომ საგრძნობლად გააუარესო. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება". - თქვა ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას.

19 მაისს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დიალოგი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.

ტრამპის თქმით, მან უკვე შეატყობინა მოლაპარაკებების შედეგები ვოლოდიმირ ზელენსკის. გარდა ამისა, ის აპირებს დაუკავშირდეს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ემანუელ მაკრონს, ჯორჯია მელონის, ფრიდრიხ მერცს და ალექსანდრ შტუბს. 

ხსენებული ლიდერების გარდა, ტრამპმა პოსტში პაპიც ახსენა: 

"ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია უმასპინძლოს მოლაპარაკებებს".

პუტინმა მაღალი შეფასება მისცა ტრამპთან საუბარს და აღნიშნა, დიალოგი ძალიან კონსტრუქციული იყო.

განცხადების ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთლიანობაში რუსეთის პოზიცია "ნათელია" და მთავარია "აღმოიფხვრას ამ კრიზისის პირველადი მიზეზები".

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან კიდევ ერთხელ ილაპარაკა ტრამპთან, რომელმაც ცოტა ხნით ადრე პუტინთან ტელეფონით ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთი კომპრომისებისთვის მზად არის და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, რაც იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. 

კომენტარები