რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ ვატიკანში ზელენსკისა და ვენსის შეხვედრა გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი
Zelenskiy / Official / Telegram

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში 18 მაისს, პაპი ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა, რაც მათ შორის პირველი შეხვედრაა თებერვალში თეთრ სახლში ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, როდესაც მხარეებს შორის მწვავე შეკამათება მოხდა.

შეხვედრას ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც ესწრებოდა, ხოლო მანამდე, ახალი პაპის საინაუგურაციო ცერემონიაზე ზელენსკიმ და ვენსმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

"კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან რომში." - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს, სადაც "რუსებმა დაბალი დონის დელეგაცია გამოგზავნეს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა."

ამასთანავე, ზელენსკის თქმით, იგი ვენსსა და რუბიოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საჭიროებაზე ესაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობა, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ტყვეების გაცვლის საკითხი.

"რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს, სანამ ის მზად არ არის ომის დასასრულებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად." - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

კომენტარები